ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ხარგის კუნძულზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებს მიზანში ამოიღებს
ირანის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, არაბთა გაერთიანებული საამიროების პორტებსა და ნავსადგურებზე დარტყმები განახორციელონ მას შემდეგ, რაც აშშ-მა ხარგის კუნძულს შეუტია, სადაც ირანის ნავთობის ექსპორტის ძირითადი ნაწილი ხორციელდება.
ირანის სამხედრო ძალების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რაკეტები გაუშვა პოზიციებიდან, რომლებიც დამალული იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქებში არსებულ პორტებში, ნავსადგურებსა და თავშესაფრებში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ მათი თავდაცვითი პოზიცია უცვლელი რჩება.
ირანი არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას მოუწოდებს, პორტებსა და ნავსადგურებთან მიახლოებისგან თავი შეიკავონ.
„ჩვენ ვაფრთხილებთ არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელმძღვანელობას, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა თავის ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს, დაარტყას ამერიკული რაკეტების გაშვების წყაროებს, რომლებიც დამალულია პორტებში, ნავსადგურებსა და თავშესაფრებში და რომლებსაც აშშ-ის ძალები იყენებენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქების საფარქვეშ - თავისი ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - განაცხადა ირანის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის პრესსპიკერმა ებრაჰიმ ზოლფაღარიმ.
აღსანიშნავია, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან ორი კვირის თავზე აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე არსებულ სამხედრო სამიზნეებს დაარტყა.
ხარგის პატარა კუნძული ირანის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მასზე მოდის ქვეყნის ნედლი ნავთობის ექსპორტის 90%. აშშ-ის ოფიციალური პირების, თავად აშშ-ის პრეზიდენტისა და ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-მა ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სამიზნეებს არ დაარტყა. თუმცა, ტრამპი დაიმუქრა, რომ მათაც დაარტყამს, თუ ირანი გემების ჰორმუზის სრუტეში გადაადგილების დაბლოკვას გააგრძელებს.
ირანი ამტკიცებს, რომ რეგიონში მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ობიექტებს უტევს, თუმცა სპარსეთის ყურის გასწვრივ სასტუმროები, სამოქალაქო მაღალსართულიანი შენობები და ნავთობის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დარტყმების ქვეშ მოექცა.