ტრამპის თქმით, აშშ-მა ირანის ხარგის კუნძულზე „ყველა სამხედრო სამიზნე გაანადგურა“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა ძალებმა „ირანის გვირგვინის მარგალიტზე, ხარგის კუნძულზე, სრულიად გაანადგურეს ყველა სამხედრო სამიზნე“.
„წესიერების გამო, მე ავირჩიე, რომ არ გავანადგურებ კუნძულზე ნავთობის ინფრასტრუქტურას. თუმცა, თუ ირანი, ან სხვა ვინმე რამეს გააკეთებს, რაც ხელს შეუშლის გემების თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, დაუყოვნებლივ გადავხედავ ამ გადაწყვეტილებას“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
„ირანს არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, დაიცვას ნებისმიერი რამ, რაზეც თავდასხმა გვსურს - მათ ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება შეუძლიათ! ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და არც ექნება შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას ამერიკის შეერთებულ შტატებს, ახლო აღმოსავლეთს, ან, სხვათა შორის, მთელ მსოფლიოს!“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა მოუწოდა ირანის უსაფრთხოების ძალებს, დაყარონ იარაღი და „გადაარჩინონ ის, რაც მათი ქვეყნისგან დარჩა და რაც ბევრი არ არის“.
Fox News Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხეს, აპირებს თუ არა კუნძულის მიტაცებას, მან უპასუხა, რომ ეს „სიის სათავეში არ არის“, თუმცა მას შეუძლია, „წამებში შეიცვალოს აზრი“.
„ვინ დასვამდა ასეთ კითხვას და რომელი სულელი უპასუხებდა? ვთქვათ, ვაპირებდი ამის გაკეთებას, ან ვთქვათ, რომ არ ვაპირებდი ამის გაკეთებას, რატომ უნდა გითხრათ?“, - განაცხადა ტრამპმა.