ირანი აცხადებს, რომ ამერიკელი პილოტის სამაშველო მისიის დროს აშშ-ის ორი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურა
ირანის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანის სამხრეთით, ისპაჰანის პროვინციაში, ჩარჩენილი ამერიკელი მფრინავის მოსაძებნად აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული მისიის დროს ორი ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი განადგურდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის ძალებმა ამერიკული თვითმფრინავები და ვერტმფრენები მაშინ გაანადგურეს, როდესაც აშშ ირანის თავზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის მეორე წევრის ძებნის ოპერაციას ახორციელებდა.
„ადგილზე ექსპერტების მიერ ჩატარებულმა დამატებითმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ჩვენმა ძალებმა აშშ-ის არმიის ორი C-130 სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ორი Black Hawk ვერტმფრენი გაანადგურეს“, - განაცხადა მან.
ცალკეულ განცხადებებში ირანის არმია და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადეს, რომ ისპაჰანის პროვინციაში გაანადგურეს ისრაელის Hermes-900 დრონი და ამერიკული MQ-9 დრონი.
მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა ამერიკული C-130-ების დაკარგვას, თუმცა თეირანის მიერ გავრცელებული მტკიცებისგან განსხვავებულ ვითარებაში - სავარაუდოდ, ეს თვითმფრინავები თავად ამერიკელმა სამხედროებმა გაანადგურეს მას შემდეგ, რაც მათ ირანში მდებარე შორეული ბაზიდან აფრენა ვერ შეძლეს, რათა მტრის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ.