Loading data...
CBS News: აშშ ირანის თავზე ჩამოგდებული F-15-ის ეკიპაჟის წევრის გადასარჩენად იძულებული გახდა, ორი თვითმფრინავი გაენადგურებინა

აშშ-ის ძალები იძულებული გახდნენ, ირანის თავზე ჩამოგდებული F-15 ავიაგამანადგურებლის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის გადასარჩენად ჩატარებული ოპერაციის დროს ორი თვითმფრინავი გაენადგურებინათ. ამის შესახებ CBS News-მა შეიტყო.

ტელეარხის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აპრილს ირანში სხვა ოპერაციები შეაჩერა, რათა F-15-ის ოფიცრის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია პრიორიტეტული ყოფილიყო.

ოპერაციის განსახორციელებლად სპეციალური დანიშნულების რაზმის ასობით ჯარისკაცი გაიგზავნა.

წყაროებმა CBS News-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-ის სპეცრაზმმა ეკიპაჟის დაკარგული წევრი რთული ოპერაციის ფარგლებში გადაარჩინა, რომელშიც სპეციალური დანიშნულების რაზმის ათობით წევრი, ასევე, ათობით სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობდა.

ორი მაღალჩინოსნის თქმით, გადარჩენილი ოფიცერი ჭრილობების სამკურნალოდ ქუვეითში გადაიყვანეს.

ოფიციალური პირების თქმით, სამხედრო ოპერაციაში გამოყენებული იყო ბომბები და ცეცხლსასროლი იარაღი, რათა ირანელი ჯარისკაცები შორს გაეყვანათ იმ ტერიტორიიდან, სადაც, სავარაუდოდ, დაკარგული ოფიცერი იმალებოდა.

ორი მაღალჩინოსნის თქმით, დაჭრილ ოფიცერს თავდაცვისთვის მხოლოდ პისტოლეტი  ჰქონდა.

ორმა სატრანსპორტო თვითმფრინავმა, რომლებსაც სპეციალური დანიშნულების რაზმის გადაყვანა დაევალა, ირანში მდებარე შორეული ბაზიდან აფრენა ვერ მოახერხა. წყაროების ცნობით, ეს თვითმფრინავები განადგურდა, რათა ისინი მტრის ხელში არ ჩავარდნილიყო. სპეციალური დანიშნულების რაზმები კი მათ გადასაყვანად გაგზავნილი სამი დამატებითი თვითმფრინავით გაფრინდნენ.

ოფიციალური პირების თქმით, ირანიდან ქუვეითში სამი სამაშველო თვითმფრინავი გაემგზავრა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით მოკლე ინტერვალებით დაფრინავდნენ. მისია შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე დასრულდა და აშშ-ის ყველა ძალებმა ირანის საჰაერო სივრცე დატოვეს.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო აქტიურად იყო ჩართული სამაშველო ოპერაციაში, განუცხადა CBS News-ს ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

პილოტის ადგილმდებარეობის დადგენამდე ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, ირანში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკულმა ძალებმა ის უკვე იპოვეს და სახმელეთო გზით გადაჰყავდათ. ამასობაში სააგენტომ გამოიყენა თავისი შესაძლებლობები ეკიპაჟის წევრისთვის თვალყურის სადევნებლად, რომელიც მთის ხეობაში იმყოფებოდა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ ეკიპაჟის წევრის ზუსტი ადგილსამყოფელი პენტაგონსა და თეთრ სახლს აცნობა. პრეზიდენტმა დაუყოვნებლივი სამაშველო ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო რეალურ დროში ინფორმაციის მიწოდებას განაგრძობდა.