Loading data...
ირანი აცხადებს, რომ ახალი შესაძლებლობების ბალისტიკური რაკეტა თავდაცვის სტრატეგიაში გარდამტეხი მომენტია

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ბალისტიკური რაკეტის გამოცდა თეირანის ახალ სამხედრო დოქტრინაზე მიუთითებს - ირანი „ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ იმოქმედებს, ვიდრე ის განხორციელდება“.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს რეპორტაჟში არაერთხელ არის მოყვანილი ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოჰსენ რეზაის სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული განცხადებები. რეზაიმ ახალი სარაკეტო შესაძლებლობებით იამაყა და განაცხადა, რომ ის აშშ-ის სამხედრო ხომალდის წინააღმდეგ გამოიყენეს. 

აშშ-მა განაცხადა, რომ ირანმა ამერიკული სამხედრო ხომალდების მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის საპასუხოდაც აშშ-მა სამ ირანულ ნავთობის ტანკერს დაარტყა. ექსპერტებმა სარაკეტო გაშვება სახიფათო ესკალაციად შეაფასეს.

მათი თქმით, მანამდე, ომის ექვსი თვის განმავლობაში, ირანის საზღვაო თავდასხმები კომერციულ გემებზე იყო მიმართული. აშშ-ის განცხადებით, მისმა სამხედრო ხომალდებმა თავდასხმების თავიდან აცილება შეძლეს.

ბოლო დღეებში ირანის განცხადებები უფრო თავდაჯერებული გახდა. ახალი ანგარიშის თანახმად, რაკეტა „ქასემ ბასირი“ ირანის თავდაცვის სტრატეგიაში „გარდამტეხ მომენტს“ წარმოადგენს.

ირანული მედია აცხადებს, რომ რაკეტას გაუმჯობესებული მოქმედების რადიუსი და სიზუსტე აქვს და ნახევარტონიანი ქობინით არის აღჭურვილი. რაკეტა პირველად გასულ წელს წარადგინეს და მაშინ მისი მოქმედების რადიუსად მინიმუმ 1 200 კილომეტრი (745 მილი) დასახელდა.

ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებული შეშფოთება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-მა და ისრაელმა მიმდინარე წლის დასაწყისში ირანზე იერიში მიიტანეს, რასაც ომის დაწყება მოჰყვა.