ირანელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან გაფორმებული თავდაცვის შეთანხმება საუდის არაბეთის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს
პაკისტანთან და თურქეთთან საუდის არაბეთის მიერ ახლახან ხელმოწერილი სამმხრივი თავდაცვის პაქტი სამეფოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, განაცხადა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრმა იბრაჰიმ რეზაიმ.
„საუდის არაბეთმა უნდა იცოდეს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან გაფორმებული ქაღალდის შეთანხმება მას უსაფრთხოებას არ მოუტანს, ისევე, როგორც ამერიკელებზე ათწლეულების განმავლობაში ცალმხრივმა დამოკიდებულებამ ეს ვერ შეძლო. შეცვალეთ თქვენი პოლიტიკა, რათა არ მოგიწიოთ სხვებისგან უსაფრთხოების თხოვნა“, - დაწერა რეზაიმ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 7 აგვისტოს საუდის არაბეთმა, პაკისტანმა და თურქეთმა - რეგიონის სამმა ყველაზე გავლენიანმა მოთამაშემ - ხელი მოაწერეს ნატოს მსგავს ურთიერთდაცვით პაქტს, რომლითაც აიღეს ვალდებულება, დაიცვან ერთმანეთი, თუ მათგან ერთ-ერთს თავს დაესხმებიან.
თურქმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ პაქტი „მხოლოდ თავდაცვითი“ ხასიათისაა და კონკრეტული აქტორის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
საუდის არაბეთის ოფიციალური პირი კი აცხადებს, რომ თურქეთთან და პაკისტანთან ხელმოწერილი ერთობლივი თავდაცვის პაქტი არ არის დაკავშირებული „არანაირ ბირთვულ ამბიციებთან“ და არ წარმოადგენს საფრთხეს რეგიონის არცერთი ქვეყნისთვის.
თუმცა სამ ქვეყანას შორის შეთანხმება იმ ფონზე გაფორმდა, როდესაც საუდის არაბეთი მრავალი ფრონტიდან საფრთხეების წინაშე დგას. საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ სამეფო ერაყსა და იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან მასშტაბური და კოორდინირებული თავდასხმისთვის ემზადება.