Loading data...
იორდანიაში ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს

გასულ კვირას ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით იორდანიის სახელმწიფო უსაფრთხოების ძალებმა სამი მამაკაცი დააკავეს. თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით 40 კი დაშავდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

ოფიციალური პირების განცხადებით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები 26 ოქტომბრის გამთენიას, ორმხრივი სროლის შემდეგ დააკავეს. შეიარაღებული პირები დედაქალაქ ამანიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით, ქარაქის მუჰაფაზაში მდებარე მიტოვებულ სახლში იმალებოდნენ.

ოპერაციის დროს სამივე ეჭვმიტანილი დაიჭრა, თუმცა, იორდანიის უსაფრთხოების ძალების ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველებმა ოპერაციის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

„უსაფრთხოების სამსახურებმა თავიანთი მოვალეობები შეასრულეს, რის შედეგადაც დააკავეს პირები, რომლებმაც ეს ტერორისტული აქტი განახორციელეს. [ეჭვმიტანილებმა] სასტიკი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა საბოლოოდ მათი განეიტრალება და დაკავება მოხერხდა. მათ მძიმე დაზიანებები მიიღეს“, — განაცხადა იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაზენ ალ-ფარაიამ.

მან დასძინა, რომ საქმეში „სამი პირი ფიგურირებს, რომელთა იდენტიფიცირებაც ტერორისტული ინციდენტის შემდეგ მალევე მოხერხდა“ და რომ უსაფრთხოების სამსახურებმა „მათ დასაკავებლად ყველა საშუალება გამოიყენეს“.

23 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. იორდანიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატმა არც ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა და არც რომელიმე ისლამისტურ მებრძოლ ჯგუფთან შესაძლო კავშირებზე მიუთითა.