იორდანიამ ეკლესიაზე თავდასხმის საპასუხოდ სირიაზე იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
იორდანიის არმიის განცხადებით, მათ სირიაში „ტერორისტულ ორგანიზაციებზე“ მიიტანეს იერიში. ეს იყო საპასუხო ქმედება გასულ კვირას იორდანიის ალ-კარაკის პროვინციაში, ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გამართულ დაკრძალვის ცერემონიაზე მომხდარ სროლაზე, რასაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
სირიის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მედიას განუცხადეს, რომ სამხრეთ დარაას პროვინციაში მდებარე სოფელზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და ხანდაზმული მამაკაცი, დაიღუპა. იორდანიამ განაცხადა, რომ მისმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა „რამდენიმე ტერორისტი“ იმსხვერპლა და დაჭრა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
იორდანიამ განაცხადა, რომ ავიაიერიში სირიის მთავრობასთან კოორდინაციით განხორციელდა. სირია კი აცხადებს, რომ თავდასხმის შესახებ მათთვის არ უცნობებიათ.
იერიშის საპასუხოდ, სირიამ განაცხადა, რომ იორდანიასთან სასაზღვრო გადასასვლელი დახურა.
„გადაწყვეტილება ითვალისწინებს მგზავრთა და კომერციული გადაზიდვების სრულ შეჩერებას ორივე მიმართულებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოგზაურთა და გამშვებ პუნქტზე მომუშავე პერსონალის უსაფრთხოება“, - ნათქვამია სირიის ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდანიის ოფიციალურ პირებთან „კომუნიკაციის პირდაპირი არხები გაიხსნა“ და „ყოვლისმომცველი გამოძიება დაიწყო, რათა დადგინდეს თავდასხმის სრული გარემოებები“.
მანამდე, 26 ოქტომბერს, იორდანიის მთავრობის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ორი ძმა და მათი სიძე დააკავეს.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატმა განაცხადა, რომ „ტერორისტებს“, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, გამთენიისას ალ-კარაკში, მიტოვებულ სახლში მიაგნეს.
იორდანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მაზენ ალ-ფარაიამ სახელმწიფო ტელეარხს განუცხადა, რომ თავდამსხმელები იორდანიის მოქალაქეები იყვნენ და ისინი „თავდასხმის ადგილის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ სოფელში, შენობაში იყვნენ გამაგრებულნი“.