იოჰან ვადეფულმა უარყო ქვეყნების მიმართ დონალდ ტრამპის მოწოდება და განაცხადა, რომ გერმანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ დატოვებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კატეგორიულად უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოწოდება, რომ ქვეყნებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) დატოვონ.
ვადეფულმა სასამართლოს „მნიშვნელოვანი ინსტიტუტი“ უწოდა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებთ [არ დავტოვებთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს]“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
22 სექტემბერს, გაეროს გენერალურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, აღნიშნული ორგანიზაცია დატოვონ.
„მართალი გითხრათ, მაინცდამაინც ვერ ვიგებ ამ მოწოდებას“, - აღნიშნა ვადეფულმა და აღნიშნული საკითხი დაახასიათა, როგორც „ერთ-ერთი სფერო, სადაც ნამდვილად გვიწევს, ვაღიაროთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან პოლიტიკის კუთხით არსებულ სამწუხარო განსხვავება“.
გერმანიის დიპლომატიის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ სასამართლო „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ნაწილია, რომელიც ჩვენმა სამყარომ საკუთარი თავისთვის შექმნა“.
„ეს ჩვენი ცივილიზაციის ისტორიის ნაწილია. ეს არის ხელისუფლების დანაწილების, კანონის უზენაესობისა და ჰუმანურობის პრინციპების განხორციელების გამოხატულება. სწორედ ამიტომ, სრულიად აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.