Loading data...
დონალდ ტრამპმა გაეროში გამოსვლისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, აღნიშნული ორგანიზაცია დატოვონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, აღნიშნული ორგანოს შემადგენლობიდან გავიდნენ.

„არასდროს დავუშვებთ, რომ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების, ან ნებისმიერი სხვა პირის წინააღმდეგ გამოძიება ჩატარდეს, ან მათ წინააღმდეგ ფარსი სასამართლო პროცესები გამართოს ანტიამერიკულმა ტრიბუნალმა, რომელსაც ჩვენზე იურისდიქცია არ გააჩნია“, — განაცხადა ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს „ბოროტმოქმედთა ჯგუფი“ უწოდა.

„მოვუწოდებ ყველა ერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრია, დაუყოვნებლივ და ოფიციალურად გამოვიდეს ამ თაღლითური დაწესებულებიდან“, — აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ერთი დღით ადრე Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციები მოამზადა და მათი გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება.