იოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს
„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ევროპის მონაწილეობა აუცილებელია.
„ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია თავად რუსეთის ან რუსი ხალხის მიმართ. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან, რომელმაც ეს უკანონო აგრესიული ომი წამოიწყო და აგრძელებს“, – აღნიშნა იოჰან ვადეფულმა.
ამასთან, გერმანელი მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპამ ახლა უნდა განსაზღვროს, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან, რისთვისაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აუცილებელია.
„ახლა არსებობს ნიშნები იმისა, რომ ასეთი მოლაპარაკებები შესაძლოა, მალე დაიწყოს“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.