ინდოეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთით, უტარკჰანდის შტატში, სალოცავიდან ინდუისტი მომლოცველების გადაყვანის დროს, ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი, მათ შორის, პილოტი მაშინვე დაიღუპა. ინფორმაციაზე ადგილობრივი მედია წერს.
„ძალიან სამწუხარო შეტყობინება მივიღეთ, სახელმწიფო კატასტროფებზე რეაგირების ძალებმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სამაშველო ჯგუფებთან ერთად, ოპერაცია უკვე დაიწყეს“, - წერს სოციალურ ქსელ X-ზე შტატის მთავარი მინისტრი პუშკარ სინგ დამი.
ვერტმფრენი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 5:20 საათზე აფრინდა და 10 წუთიანი ფრენის ნაცვლად, მალევე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად, ხანძარი გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მგზავრებს შორის, ერთ-ერთი 2 წლის გოგონა იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კატასტროფას მოსახლეობა შეესწრო. მათ ვერტმფრენის ნამსხვრევები შენიშნეს და ხელისუფლებას აცნობეს. რაიონის ტურიზმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნა უამინდობამ გამოიწვია.
ცნობისათვის, უტარაკჰანდი პოპულარული ტურისტული ობიექტია, მწვანე საფარითა და მთით. ის, ასევე, ინდუისტი მომლოცველებისთვის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, რამდენიმე ტაძრითა და წმინდა ადგილებით.