ინდოეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა - დაღუპულია 62 ადამიანი
„ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, 62 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ABC News-ი იუწყება.
მთავრობის ცნობით,სტიქიური უბედურება უტარ-პრადეშის შტატში რამდენიმედღიანმა უხვმა ნალექებმა გამოიწვია. წყალდიდობის შედეგად რამდენიმე რაიონში 46 ადამიანი დაშავდა და ათასზე მეტი სახლი დაზიანდა. შტატის ზოგიერთ ნაწილში, მათ შორის, დედაქალაქ ლაკნოუში, სკოლები დაიხურა.
სამაშველო ჯგუფებმა დატბორილი ტერიტორიებიდან ხალხი უსაფრთხო ადგილებში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, წყალდიდობამ ასევე იმოქმედა ოდიშას აღმოსავლეთ შტატზე, სადაც 75 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს თავი აარიდონ დატბორილ რაიონებში არასაჭირო გადაადგილებას.
ცნობისთვის, მეზობელ ნეპალში, 24-27 სექტემბრის პერიოდში ამინდთან დაკავშირებული ინციდენტების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხუთი დაშავდა. წყალდიდობამ და მეწყერმა 194 სახლი დააზიანა.