ინდოეთში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ქალაქ კალკუტაში მდებარე სასტუმროში ხანძრის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი 19 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით გამთენიის 01:45 საათზე გაჩნდა კალკუტას ცენტრში, ქალაქის სახანძრო სამსახურის შტაბ-ბინასთან ახლოს. შენობაში რამდენიმე პატარა სასტუმრო ფუნქციონირებდა.
ხანძრის ჩასაქრობად ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული, ადგილზე კი საპატრულო პოლიცია და სამაშველო ჯგუფები მივიდნენ.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა დაახლოებით 80 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.
სახანძრო სამსახურის მინისტრმა კაუშიკ ჩოუდჰურიმ განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის არიან როგორც ინდოეთის, ასევე ბანგლადეშის მოქალაქეები.
მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, მოკლე ჩართვა ყოფილიყო, თუმცა ზუსტი მიზეზი მხოლოდ სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
„შენობის ადმინისტრაციამ არ დაიცვა უსაფრთხოებისა და მშენებლობის საბაზისო ნორმები. სავარაუდოდ, სასტუმროს ფუნქციონირებაში რამდენიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი“, - დასძინა მინისტრმა.
პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.
„ჩვენი პრიორიტეტია ჩარჩენილების გადარჩენა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. ცეცხლი ჩამქრალია, მაგრამ შენობა ძალიან, ძალიან ცხელია. გაგრილების პროცესი მიმდინარეობს“, - აღნიშნა პოლიციის ოფიცერმა.
პოლიციის სხვა ოფიცერმა კი განაცხადა, რომ შენობის მეპატრონე მიიმალა და მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.