ინდოეთის კომპანიები სანქციების გამო რუსული ნავთობის შესაძენად ახალი კონტრაქტების გაფორმებას არ ჩქარობენ
აშშ-ის მიერ რუსული კომპანიების, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ ინდოეთის ნავთობკომპანიები რუსული ნავთობის შესაძენად ახალი კონტრაქტების გაფორმებას არ ჩქარობენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანიების ნაწილი მთავრობისგან და მომწოდებლებისგან განმარტებებს ელოდებიან, ნაწილმა კი უკვე ალტერნატიული წყაროების მოძიება დაიწყო.
სახელმწიფო კომპანიამ, Indian Oil-მა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გაუქმებას არ აპირებს, რადგანაც სანქციები კონკრეტული კომპანიების და არა თავად რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესდა.
„თუ არასანქცირებული კომპანია მომმართავს, მე ფასების ჭერის დაცვით და სანაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით რუსული ნავთობის შეძენას გავაგრძელებ“, - განაცხადა Indian Oil-ის ფინანსურმა დირექტორმა ანუჯ ჯაინმა.
ინდოეთის ნავთობის მეორე სახელმწიფო კომპანიამ, Bharat Petroleum Corp-მა განაცხადა, რომ რუსულ ნავთობს მხოლოდ იმ კომპანიებისგან შეიძენს, რომლებსაც სანქციები არ დაუწესდათ. კომპანიისთვის აუცილებელ დაახლოებით ნახევარ ნავთობს ის კვლავ რუსეთიდან შეიძენს, ხოლო მეორე ნახევარს - სხვა ქვეყნებიდან.
რუსული ნავთობის ჩანაცვლების ყველაზე რეალური ალტერნატივა არის ერაყის ნავთობის ბრენდები, Basrah Heavy და Basrah Medium. ასევე ინდოეთმა, შესაძლოა, ამერიკული WTI შეიძინოს.