Loading data...
IDF: დასავლეთ სანაპიროს კუსრას დასახლებაში ათობით ისრაელელმა ამბოხებულმა პალესტინელთა სახლი დაიკავა

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ დასავლეთ სანაპიროს სოფელ კუსრაში ათობით ისრაელელმა მოსახლემ პალესტინელთა სახლი დაიკავა.

არმიის ცნობით, კუსრაში IDF-ის სამხედროები და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ გაგზავნეს, რაც ათობით „ისრაელელი ამბოხებული“ სოფელში შეიჭრა და ადგილობრივ მოსახლეობას თავს დაესხა. თავდამსხმელები პალესტინელებსა და სხვა პირებს ქვებს ესროდნენ.

„ძალების ადგილზე მისვლისას ათობით ამბოხებული აღმოაჩინეს, რომლებიც პალესტინელების სახლში იყვნენ გამაგრებული, მაშინ როცა სახლში პალესტინელი მცხოვრებლებიც იმყოფებოდნენ“, - ნათქვამია IDF-ის განცხადებაში.

არმიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად პალესტინელები დაშავდნენ.

„სამხედროებმა თავდაპირველად სახლიდან ამბოხებულების გაყვანას და მოსახლეობის ერთმანეთისგან განცალკევება სცადეს, რათა სახლში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაეცვათ“, - აცხადებენ სამხედროები.

უსაფრთხოების ძალებმა, ასევე, ჩამოართვეს ამბოხებულებს რამდენიმე ავტომობილი, რომლებითაც, არმიის ცნობით, ისინი სოფელში მივიდნენ.

IDF-ის განცხადებით, ამოღებულია სხვა „მტკიცებულებებიც“, რომლებიც პოლიციას გადაეცა. ამ ეტაპზე დაკავებების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

არმიის ცნობით, ისრაელის ძალები კვლავ აგრძელებენ ოპერაციას კუსრასა და ჯალუდში - სოფლებში, სადაც ამბოხებულებმა ბოლო კვირების განმავლობაში არალეგალური ფორპოსტები მოაწყვეს და ადგილობრივ მოსახლეობას არაერთხელ დაესხნენ თავს.

„IDF მკაცრად გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას“, - ნათქვამია განცხადებაში.