Loading data...
იაპონიაში მასშტაბურმა ხანძარმა 170-ზე მეტი შენობა გაანადგურა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა

იაპონიის სამხრეთ სანაპირო ქალაქში გაჩენილმა ხანძარმა 170-ზე მეტი შენობა გაანადგურა და ერთი ადამიანი იმსხვერპლა, სამხედრო და სახანძრო ვერტმფრენები კი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ურბანული ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ხანძარი ქალაქ ოიტაში, საგანოსეკის ბორცვიან რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ასევე გავრცელდა ახლომდებარე ტყიან ფერდობებსა და სანაპიროდან ერთ კილომეტრზე უფრო შორს მდებარე დაუსახლებელ კუნძულზე.

ადგილობრივი მედია პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო 50 წლამდე ასაკის ქალი მსუბუქი დამწვრობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იაპონიის ხანძრისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ხანძარი 18 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა და 48 900 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა, რის გამოც ტოკიოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 770 კილომეტრში მდებარე რაიონის 175 მცხოვრები იძულებული გახდა, საგანგებო თავშესაფარში გაქცეულიყო.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზების გამოძიება მიმდინარეობს.

განადგურებული შენობების რაოდენობისა და ცეცხლში გახვეული ტერიტორიის ფართობის გათვალისწინებით, ეს იაპონიაში ყველაზე მასშტაბური ურბანული ხანძარია 1976 წელს საკატაში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მიწისძვრებით გამოწვეული ინციდენტების გამოკლებით.

2016 წელს იტოიგავაში ხანძარმა 147 შენობა და დაახლოებით 40 000 კვადრატული მეტრი ფართობი გაანადგურა. არავინ დაღუპულა.