ჰორმუზის სრუტეში ირანმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კუთვნილ გემს შეუტია
„არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში ქვეყნის სახელმწიფო ნავთობკომპანია ADNOC-თან დაკავშირებულ გემს შეუტია“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უწყების ცნობით, ინციდენტი 15 აგვისტოს ღამით, გემის ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისას მოხდა.
საამიროებმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულეს და მომხდარს საერთაშორისო სამართლის „უხეში დარღვევა“ უწოდეს. მათი ინფორმაციით, გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მეკობრეობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კომერციულ გემებზე თავდასხმა რეგიონში პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს.
ცნობისთვის, ეს ბოლო 48 საათში ADNOC-ის კუთვნილ გემზე განხორციელებული უკვე მესამე თავდასხმაა. სახელმწიფო ნავთობკომპანიის განცხადებით, 13 აგვისტოს ჰორმუზის სრუტეში გადაადგილებისას მის ორ გემსაც დაესხნენ თავს.