ჰონგ-კონგში სატვირთო თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, რის შედეგადაც აეროპორტის ორი თანამშრომელი დაიღუპა - Reuters

ჰონგ-კონგში დუბაიდან მომავალი სატვირთო თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, დაცვის საპატრულო მანქანას შეეჯახა და ზღვაში ჩავარდა. დაღუპულია აეროპორტის ორი თანამშრომელი. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც აეროპორტის ოპერაციების აღმასრულებელი დირექტორი სტივენ იუ აღნიშნავს, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები წყლიდან ამოყვანისას არ სუნთქავდნენ, ერთი მათგანი ადგილზევე გარდაცვლილად გამოცხადდა, მეორე კი მოგვიანებით, საავადმყოფოში დაიღუპა.
ხელისუფლება ავარიის მიზეზის დადგენას ცდილობს. სტივენ იუს თქმით, სავარაუდო ბრალდებულებად ამინდი, ასაფრენი ბილიკის პირობები, თვითმფრინავის გაუმართაობა და ეკიპაჟის წევრების უყურადღებობა სახელდება.
ჰონგ-კონგის საჰაერო მოძრაობის კონტროლის ჯგუფი ადასტურებს, რომ თვითმფრინავმა ჩრდილოეთით მდებარე ასაფრენ ბილიკზე დაშვების ბრძანება მიიღო, თუმცა პილოტს მათთვის დახმარების მოთხოვნით შეტყობინება არ გაუგზავნია.
სტივენ იუს განცხადებით, დაცვის საპატრულო მანქანა პასუხისმგებელი იყო ასაფრენი ბილიკის პატრულირებაზე. „ის საკუთარ ზონაში მოძრაობდა და ასაფრენ ბილიკზე არ შესულა“, - აზუსტებს სპეციალისტი.
როგორც ჩანს, თვითმფრინავმა მოულოდნელად, ასაფრენ ბილიკზე დაშვების შემდეგ, მარცხნივ გადაუხვია, რის შედეგადაც ზემოთ აღნიშნული შეჯახება მოხდა. „ეს არ იყო ნორმალური მარშრუტი“, - აცხადებს იუ.
საავიაციო უსაფრთხოების ქსელის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეს ჰონგ-კონგში ყველაზე ტრაგიკული ავარია იყო მას შემდეგ, რაც 1999 წელს China Airlines-ის თვითმფრინავი დაშვებისას ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 315 პირიდან, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.