ჰეგსეთი აცხადებს, რომ აშშ აკონტროლებს მოძრაობას ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმების მიუხედავად
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების ოპერაცია ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილების უზრუნველსაყოფად „ფარულად“ გაგრძელდა და ამ ძალისხმევამ სტრატეგიული საზღვაო გზით 500 მილიონ ბარელამდე ნავთობის გადატანას შეუწყო ხელი.
მისი თქმით, აშშ-მა ირანის თავდასხმების მიუხედავად, კონტროლი შეინარჩუნა.
ჰეგსეთის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები „უკვე საკმაოდ დიდი ხანია აკონტროლებენ“ ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებას, თუმცა, საჯარო მონაცემების თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში გემების მოძრაობა მკვეთრად შემცირდა, რადგან აშშ და ირანი დარტყმებს ახორციელებენ. ამ დროის განმავლობაში ნავთობის ფასები გაიზარდა.
„ვფიქრობ, დაახლოებით 400-დან 500 მილიონ ბარელამდე ნავთობი გავატარეთ Project Freedom-ის ფარგლებში“, - განაცხადა ჰეგსეთმა. ის გულისხმობდა აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ზედამხედველობით განხორციელებულ ინიციატივას, რომლის მიზანიც სავაჭრო გემების ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხოდ გატარება იყო.
ჰეგსეთმა მიანიშნა, რომ ირანს კვლავ აქვს შესაძლებლობა, სრუტეში კომერციულ გემებს ესროლოს.
„ირანი გადასახადს არ აწესებს და ამჟამად გემებს ესვრის“, - დასძინა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.