Loading data...
ჰეგსეთი: აშშ მზად იყო, შეესრულებინა ტრამპის მუქარა მთელი ცივილიზაციის განადგურების შესახებ

პენტაგონის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ აშშ ირანში რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე დარტყმებს გეგმავდა, იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ.

როდესაც ჰეგსეთს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 7 აპრილს გაკეთებული მუქარის შესახებ ჰკითხეს, რომ „ცივილიზაცია დასრულდებოდა“, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ და მზად იყო თუ არა პრეზიდენტი ამისთვის, მან უპასუხა: „ჩვენ გვქონდა ჩვენი სამიზნეები განსაზღვრული და მზად ვიყავით დარტყმისთვის - ინფრასტრუქტურა, ხიდები, ელექტროსადგურები“.

„მათ ზუსტად იცოდნენ, რისი გაკეთება შეგვეძლო“, - განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა ირანის შესახებ.

მისი თქმით, სწორედ ტრამპის გაფრთხილებამ აიძულა ირანი, დამჯდარიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან და ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მიეღწია. 

„[ტრამპმა] საბოლოოდ თქვა: „ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი წაგართვათ. ენერგიის ექსპორტის თქვენი შესაძლებლობა დაკარგული იქნება და აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს შეეძლებათ, დაუსჯელად დაარტყან ამ ობიექტებს“. სწორედ ასეთმა მუქარამ აიძულა ისინი, ფაქტობრივად ეთქვათ: „კარგი, ჩვენ გვინდა ამ შეთანხმების დადება“, - აღნიშნა ჰეგსეთმა.