„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა - ტყვეობაში 18 მოკლული მძევალი რჩება

მძევლების ოჯახების ფორუმის ცნობით, „ჰამასის“ მიერ 17 ოქტომბრის ღამეს დაბრუნებული ცხედარი 75 წლის ელიაჰუ „ჩერჩილ“ მარგალიტს ეკუთვნის.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ელიაჰუ 2023 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს და მისი ცხედარი ღაზაში, ნირ ოზის კიბუცში არსებული ცხენების თავლადან გაიტაცეს. მისი დაღუპვა სამხედროებმა 2023 წლის დეკემბერში დაადასტურეს.
ელიაჰუს 40 წლის ქალიშვილი, ნილი მარგალიტი, ასევე, 7 ოქტომბერს გაიტაცეს და 30 ნოემბერს „ჰამასის“ ტყვეობიდან გაათავისუფლეს.
The Times Of Israel-ის ცნობით, ამჟამად „ჰამასის“ ტყვეობაში 28 მოკლული მძევლიდან 18-ის ცხედარი რჩება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ უნდა დაიცვას შეთანხმება და დააბრუნოს ღაზაში დარჩენილი მძევლების ცხედრები.
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ისრაელის მთავრობა იზიარებს მარგალიტის ოჯახის და დაღუპული მძევლების ყველა ოჯახის ღრმა მწუხარებას“.
აღნიშნულია, რომ ისრაელი „დაუღალავად მუშაობს“ ყველა გარდაცვლილი მძევლის დასაბრუნებლად, მათი დაკრძალვის მიზნით და რომ „ჰამასი“ „ვალდებულია, შეასრულოს შუამავლების წინაშე აღებული ვალდებულებები და დააბრუნოს ისინი შეთანხმების განხორციელების ფარგლებში“.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ „აგრძელებენ ყველა ძალისხმევის დახარჯვას დაღუპული მძევლების დასაბრუნებლად და ემზადებიან შეთანხმების შემდგომი განხორციელებისთვის“.