„ჰამასის“ წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განახლდება

„ჰამასის“ წარმომადგენელი ადასტურებს, რომ პალესტინურ სამხედრო დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას განახლდება.
„ჰამასის“ წარმომადგენლის ბასემ ნაიმის განცხადებით, მას უთხრეს, რომ ისრაელის დელეგაცია კონსულტაციებისთვის მომავალ კვირას გაემგზავრება. წინა მოლაპარაკებები კატარში გაიმართა.
მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ერთი დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა კატარიდან თავისი მოლაპარაკების გუნდი გაიწვია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით „ჰამასის“ ბოლო რეაქცია ზავის მიღწევის „სურვილის ნაკლებობას“ ადასტურებს.
ნაიმი ამტკიცებს, რომ რამდენიმე ხარვეზი თითქმის მოგვარებულია, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტის დღის წესრიგი, მუდმივი შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების გაგრძელების გარანტიები და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების წესი.
ისრაელის მხრიდან მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.