სტივ უიტკოფი: აშშ-მა ისრაელსა და ღაზას შორის მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი წარმომადგენლები გაიწვია

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ აშშ-მა ისრაელსა და ღაზას შორის მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი წარმომადგენლები გაიწვია. უიტკოფი ამ გადაწყვეტილების მიზეზად „ჰამასის“ პასუხს ასახელებს, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ მათ არ სურთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა.
სტივ უიტკოფის განცხადებით, ამის ნაცვლად, აშშ ალტერნატიულ ვარიანტებს მოიძიებს ტყვეების გასათავისუფლებლად.
„ახლა განვიხილავთ ალტერნატიულ ვარიანტებს ტყვეების სახლში დასაბრუნებლად და ღაზის მოსახლეობისთვის უფრო სტაბილური გარემოს შესაქმნელად. სამწუხაროა, რომ „ჰამასმა“ ასე ეგოისტურად იმოქმედა. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ეს კონფლიქტი დავასრულოთ და ღაზაში მუდმივ მშვიდობას მივაღწიოთ“, – აღნიშნავს უიტკოფი.
სტივ უიტკოფი არ განმარტავს, რას ნიშნავს ალტერნატიული ვარიანტები, რომლებსაც შეერთებული შტატები, შეიძლება, განიხილავდეს.
ცნობისთვის, ისრაელსა და ღაზას შორის მძევლებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან თავისი მომლაპარაკებლების ჯგუფი ისრაელმაც გაიწვია.