Loading data...
„ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირი: „ჰამასი“ არასდროს დათანხმდა განიარაღებას

„ჰამასი“ არასდროს დათანხმდა განიარაღებას“, - ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირმა მუსა აბუ მარზუკმა განაცხადა, რითაც ის ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ჰამასმა“ შეიარაღებაზე უარი უახლოეს მომავალში უნდა თქვას.

აბუ მარზუკმა აღნიშნა, რომ მათ ამერიკულ მხარესთან ან შუამავლებთან განიარაღების საკითხზე არასდროს უსაუბრიათ.

„იარაღის შესახებ ჯერჯერობით არ გვისაუბრია. ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ ჩვენთან არავის უსაუბრია. ამ საკითხზე არც ამერიკულ მხარესთან და არც შუამავლებთან არ გვისაუბრია, შესაბამისად ვერ გეტყვით რას ნიშნავს ან რა მიზანი აქვს მათ განცხადებებს“, - აცხადებს „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირი.

მისი თქმით, „ჰამასის“ თანხმობა იარაღის გადაცემაზე „არასდროს მომხდარა და მხარეებს არასდროს ულაპარაკიათ არც იარაღის დათმობაზე, არც განადგურებაზე და არც განიარაღებაზე“.

„თუ ისრაელმა, აშშ-მა და დასავლეთმა ორწლიანი ომის განმავლობაში „ჰამასის“ განიარაღება ვერ შეძლეს, როგორ შეძლებენ ამის მიღწევას მოლაპარაკებების გზით?“ - კითხულობს „ჰამასის“ მაღალი თანამდებობის პირი.