„ჰამასის“ ლიდერი აცხადებს, რომ დაჯგუფება „გაკვირვებული“ იყო, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებიდან გავიდა

„ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი ხალილ ალ-ჰაია აცხადებს, რომ ისრაელთან მოლაპარაკებებში პროგრესი იყო მიღწეული და რომ ტერორისტული დაჯგუფება გაკვირვებული იყო ისრაელის ჯარების გასვლით.
„მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში აშკარა პროგრესი იყო. ჩვენ დავეთანხმეთ შუამავლების მიერ შემოთავაზებული საკითხების დიდ ნაწილს და მათ გადმოგვცეს სიონისტური რეჟიმის დადებითი გამოხმაურება. გაკვირვებულები დავრჩით, რომ ისრაელმა მოლაპარაკებებიდან გამოსვლა გადაწყვიტა და რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მათთან კოორდინირებული იყო“, - აცხადებს „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი.
ალ-ჰაია დასძენს, რომ აზრი არ აქვს „მოლაპარაკებების გაგრძელებას ნგრევისა და შიმშილის ალყის პირობებში... ჩვენ უარვყოფთ ე.წ. დახმარების საჰაერო გზით ჩაშვების სამარცხვინო სანახაობას. ნამდვილი ნაბიჯი არის გადასასვლელების გახსნა და ჩვენი ხალხისთვის ღირსეული დახმარების მიწოდება“.