ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა ლიდერების სამიტის თურქეთში ჩატარების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ამ კვირაში სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს მხარეებმა, სავარაუდოდ, მიაღწიეს შეთანხმებას ორივე ქვეყნის ლიდერების სამიტის თურქეთში ჩატარების შესახებ. ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV იტყობინება.
ფიდანმა კომენტარი გააკეთა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის 23 ივლისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრაზე „განიხილეს, თუ რა პირობებში და როგორ შეეძლოთ ლიდერებს შეხვედრა“.
„პრინციპში, მიღწეულია შეთანხმება ლიდერთა სამიტის თურქეთში ჩატარების შესახებ. ამ ეტაპზე დიდი პასუხისმგებლობა მოლაპარაკებების წარმმართველ დელეგაციებს ეკისრებათ“, - განაცხადა მან.
ფიდანმა აღნიშნა, რომ ხედავს „ერთობლივი გადაწყვეტის“ მიღწევის სურვილს.
„თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, რომ დროებითი გადაწყვეტა გამოჩნდება. ყველას აქვს საკუთარი კოზირი, რომელსაც არ ამხელს. და ჩვენ ვცდილობთ, ამისთვის ხელსაყრელი ატმოსფერო შევქმნათ“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.