ჰაკან ფიდანი: თურქეთი მზადაა, უკრაინაში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი განახორციელოს

თურქეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შესრულების მონიტორინგის პროცესში. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომელიც კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრას ონლაინ ესწრებოდა.
ონლაინ შეხვედრის დროს ჰაკან ფიდანმა ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გამოთქვა ანკარის მხარდაჭერა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიმართ.
მან დაადასტურა, რომ ანკარა კონფლიქტში უპირობო ცეცხლის შეწყვეტის დამყარებას და მის მისაღწევად მიმართულ ძალისხმევას მხარს უჭერს.
„ფიდანმა ასევე გამოთქვა თურქეთის მზადყოფნა, შეასრულოს თავისი ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის კუთხით, თუ კონფლიქტში, რომელიც უკვე მეოთხე წელია, მიმდინარეობს, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამყარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მოკავშირეებთან ერთად რუსეთს 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა CNN-ს განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს.