Loading data...
პესკოვი: რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს

რუსეთი უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ამაზე უნდა ვიფიქროთ. ეს ახალი მოვლენაა. ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს“, - განაცხადა მან.

პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა“.

„გსმენიათ კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? - არა, ჩვენც არ გვსმენია. გსმენიათ კრიტიკა კიევის მიმართ იმის გამო, რომ მას შეუძლია პასუხის გაცემა, ან არ სურს პასუხის გაცემა? - არა. თუ კიევს ცეცხლის შეწყვეტა სურს, რატომ არ უნდა შეწყვიტოს ცეცხლი სულ მცირე სამი დღით?“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა. 

კითხვაზე, კუთხეში ამწყვდევს თუ არა რუსეთს ევროპელი ლიდერების მიერ 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომლის არ მიღების შემთხვევაშიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გამკაცრდება, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, ასე არ ვფიქრობ“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, პესკოვმა აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთს „ძალიან ღიად“ უპირისპირდება, რასაც მოსკოვი „საკმაოდ შეჩვეულია“. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ მხრივ რუსეთზე ზეწოლის განხორციელება, პესკოვმა უპასუხა, რომ რუსეთი ნებისმიერი სახის ზეწოლის მიმართ ურყევია და უკრაინასთან დაკავშირებით დიალოგისთვის ღიაა.