გრენლანდია თუ უკრაინის საკითხზე გარანტიების მიღება? - ევროპელი დიპლომატები დილემის წინაშე აღმოჩნდნენ
„ევროპელი დიპლომატები გრენლანდიის დათმობის სანაცვლოდ, ამერიკისგან უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გარანტიების მიღების შესაძლებლობას განიხილავენ“, - სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს. გამოცემა ოთხ შესაძლო სცენარზე საუბრობს, რომლითაც დონალდ ტრამპს გრენლანდიის მიღება გაუადვილდება.
ევროპელი დიპლომატი გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთ ვარიანტად ასახელებს ევროკავშირის მხრიდან გრენლანდიასთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას, თუ სანაცვლოდ ევროპა ვაშინგტონისგან უკრაინის უსაფრთხოების უფრო მყარ გარანტიებს მიიღებს.
ევროპელი დიპლომატი, რომლის ვინაობასაც POLITICO არ ამხელს, ასეთ სცენარს უწოდებს „ზომების პაკეტს - უსაფრთხოება უსაფრთხოების სანაცვლოდ“.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა „მწარე აბია“, მაგრამ მისი გადაყლაპვა შეიძლება, უფრო იოლი იყოს, ვიდრე ალტერნატივა, რაც ტრამპის გაღიზიანებას გულისხმობს. სტატიის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტს შეუძლია, სანქციებით უპასუხოს ევროპას, გავიდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ან რუსეთისთვის უფრო ხელსაყრელი პოზიცია დაიკავოს.