გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ლიეტუვა მზადაა, მეტი ამერიკელი სამხედრო მიიღოს
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროპამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამერიკული ჯარების შესანარჩუნებლად და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მზადაა, ჯარისკაცები დამატებით მიიღოს.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, რეგიონზე ვაშინგტონის ყურადღების შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და ნატოს მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ აშშ-მა ყურადღება ევროპიდან არ გადაიტანოს.
„პირველ რიგში, ჩვენ დაინტერესებულები ვართ იმით, რომ ეს ჯარები, რომლებიც შესაძლოა, გერმანიიდან გაიყვანონ, ევროპაში დარჩნენ“, - აღნიშნა მან.
ნაუსედამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად არის, მიიღოს მოკავშირეთა დამატებითი ძალები, თუ ჯარების როტაცია მოხდება.
„ჩვენ, ლიეტუვაში, მზად ვართ, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე მივიღოთ. 2027 წლის ბოლოსთვის 5000 გერმანელ ჯარისკაცს ველით. ჩვენს ტერიტორიაზე უკვე 1000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი გვყავს და, რა თქმა უნდა, მზად ვართ, მომავალში კიდევ უფრო მეტი მივიღოთ და შევასრულოთ ჩვენი ყველა ინფრასტრუქტურული ვალდებულება“, - დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან 5000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.