გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგას განუცხადა, რომ მაკრონი ისრაელში ვიზიტით ვერ ჩავა, სანამ პარიზი პალესტინის აღიარების გეგმებზე უარს არ იტყვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა ფრანგ კოლეგა ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბარი გამართა და მოუწოდა, გააუქმოს საფრანგეთის გეგმა ამ თვეში პალესტინის სახელმწიფოს ცალმხრივად აღიარების შესახებ. საარმა ბაროს განუცხადა, რომ სანამ ეს ნაბიჯი დღის წესრიგში რჩება, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს ვერ ეწვევა. ამის შესახებ The Times Of Isarel-ი ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
საუბრისას საარმა ბაროს მოუწოდა, „გადახედოს საფრანგეთის ინიციატივას „პალესტინის სახელმწიფოს“ აღიარების შესახებ და განაცხადა, რომ ფრანგული ინიციატივა ძირს უთხრის სტაბილურობას ახლო აღმოსავლეთში და ზიანს აყენებს ისრაელის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ისრაელი საფრანგეთთან კარგი ურთიერთობებისკენ ისწრაფვის, თუმცა საფრანგეთმა პატივი უნდა სცეს ისრაელის პოზიციას, როდესაც საქმე მისი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის აუცილებელ საკითხებს ეხება“, - განმარტა საარმა საუბრის დროს.
მან ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ისრაელში ვიზიტი მიუღებელია, სანამ საფრანგეთი „გააგრძელებს თავის ინიციატივებსა და ძალისხმევას, რომელიც ისრაელის ინტერესებს აზიანებს“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ემანუელ მაკრონს ისრაელში ვიზიტით ჩასვლაზე უარი უთხრა. გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუმ მაკრონს პირობა წაუყენა, უარი ეთქვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გეგმაზე. მოთხოვნას საფრანგეთის პრეზიდენტი არ დათანხმდა.