Loading data...
გიდეონ საარი: ისრაელი თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის, თუმცა სირიის ტერიტორიაზე თურქული ბაზების არსებობას არ დავუშვებთ

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ისრაელი „თურქეთთან ესკალაციით დაინტერესებული არ არის“.

„ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ სტატუს-კვო. ჩვენ არ დავუშვებთ სირიაში თურქული ბაზების განთავსებას“, - განაცხადა საარმა.

მან განმარტა, რომ ისრაელმა გაითვალისწინა, თუ როგორ შეაღწია ირანმა ლიბანსა და ღაზაში. „ჩვენ არ გვინდა იგივე სიტუაცია თურქეთთან და სირიასთან დაკავშირებით“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ისრაელი „ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს“ დიპლომატიურ გადაწყვეტილებებს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთთან ესკალაციის არანაირი განზრახვა არ არსებობს.

ცნობისთვის, ისრაელის ძალებმა 18 აგვისტოს სირიის აბუ ალ-დუჰურის ავიაბაზაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ ობიექტზე თურქეთის ჯარების განლაგება იგეგმებოდა, რასაც დამასკო და ანკარა უარყოფენ.