Loading data...
გიდეონ საარი: ისრაელი არ დაუშვებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ღაზაში

ისრაელი აშშ-ის გეგმის ფარგლებში, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე ომის სამუდამოდ დასრულებას ისახავს მიზნად, არ დაუშვებს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას ღაზაში, - ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა განაცხადა.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა მოიცავს საერთაშორისო ძალების გაგზავნას ღაზაში, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ამ თვეში ამოქმედდა ისრაელსა და პალესტინურ მებრძოლ დაჯგუფებას შორის. 

„ქვეყნები, რომლებსაც სურთ ან მზად არიან შეიარაღებული ძალების გაგზავნისთვის, სულ მცირე, სამართლიანები უნდა იყვნენ ისრაელის მიმართ. ერდოღანის ხელმძღვანელობით ისრაელის მიმართ თურქეთმა მტრული მიდგომა აირჩია, ამიტომ, ჩვენთვის გონივრული არ არის მათი შეიარაღებული ძალების ღაზის სექტორში შეშვება და ამას არ დავეთანხმებით. ეს ამერიკელ მეგობრებსაც ვუთხარით“, - აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

„როიტერის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ გამორიცხა ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა ღაზის სექტორში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის ინდონეზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეგვიპტესთან, კატართან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან.