გერმანული თავდაცვითი კონცერნის, Rheinmetall-ის ტოპმენეჯერი: ომის შემთხვევაში ევროპას საწვავის მარაგი მხოლოდ სამი თვე ეყოფა
ომის შემთხვევაში ევროპას საწვავის მარაგი მხოლოდ სამი თვე ეყოფა,- ამის შესახებ ntv-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანული თავდაცვითი კონცერნის, Rheinmetall-ის ტოპმენეჯერმა შენა ბრიცენმა განაცხადა.
მისი თქმით, საწვავი ევროპის თავდაცვითუნარიანობის ქვაკუთხედია და ამავე დროს მისი სუსტი წერტილი.
ბრიცენი Rheinmetall-ში „მწვანე ენერგეტიკის“ მიმართულებით პროექტებს ხელმძღვანელობს და მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა შექმნას თვითკმარი „ენერგეტიკული კუნძულების“ ქსელი, რათა შესაძლო სამხედრო კონფლიქტების დროს ლოგისტიკურ პრობლემებს არ შეეჯახოს.
„საწვავის გარეშე არაფერი მუშაობს. ომის შემთხვევაში ტანკებს, გამანადგურებლებს, სატვირთო მანქანებსა და საველე ჰოსპიტლებს საწვავის მარაგი რამდენიმე კვირაში ამოეწურებათ“, - განაცხადა ბრიცენმა.
მისი თქმით, ბენზინის ალტერნატივად უნდა იქცეს ელექტრიფიცირებული კომპლექსები, რომლებიც წყალბადს აწარმოებენ და ქარისა და მზის ენერგიაზე მუშაობენ.
Rheinmetall-ის მენეჯერი აღიარებს ასეთი გეგმების განხორციელების სირთულეებსაც.
ამავე ცნობით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრანსპორტის სხვა ტიპის საწვავზე გადაყვანაა, რაც ტექნიკის კონსტრუქციასა და ტექნიკური პარამეტრების შეცვლას მოითხოვს. მაგალითად, დიზელზე მომუშავე „Leopard 2“-ის ტანკი 70 ტონას იწონის, თუმცა წყალბადის ძრავის შემთხვევაში მისი წონა უკვე 105 ტონა იქნებოდა.
გარდა ამისა, როგორც ბრიცენი აღნიშნავს, ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ტრანსპორტირება და შენახვა რთულია.
ის, ასევე, გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროპა არ დაეყრდნოს ამერიკულ გათხევადებულ ბუნებრივ აირს, რომელმაც რუსული საწვავი ჩაანაცვლა, რადგან ეს ევროკავშირს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ართმევს.