გერმანიის ვიცე-კანცლერი: ტრამპის რჩევები არ გვჭირდება
გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს მხარდაჭერა გამოუცხადა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა კანცლერი გააკრიტიკა. ამის შესახებ Die Zeit-ი ავრცელებს.
გერმანიის ვიცე-კანცლერის თქმით, გერმანიას შეერთებული შტატების პრეზიდენტის რჩევა არ სჭირდება.
„ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება არანაირი რჩევა დონალდ ტრამპისგან. მან უნდა დაინახოს, რა არეულობა გამოიწვია. მან უნდა უზრუნველყოს ირანში სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩატარება“, - აცხადებს გერმანიის ვიცე-კანცლერი.
ვიცე-კანცლერმა ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის სტრატეგია ირანის წინააღმდეგ ომში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის დასრულებაზე პასუხისმგებლობა ტრამპს ეკისრება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა არ იცის, რას ლაპარაკობს, როდესაც ამბობს, რომ ირანს ბირთვული იარაღი უნდა ჰქონდეს.
„გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ფიქრობს, რომ ირანისთვის ბირთვული იარაღის ქონა ნორმალურია. მან არ იცის, რას ლაპარაკობს. ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს, მთელი მსოფლიო მისი მძევალი იქნებოდა. ახლა ირანთან დაკავშირებით ისეთ რამეს ვაკეთებ, რაც სხვა ერებს ან პრეზიდენტებს დიდი ხნის წინ უნდა გაეკეთებინათ. გასაკვირი არ არის, რომ გერმანიას ეკონომიკურად და სხვა მიმართულებებითაც ასე ცუდად აქვს საქმე“, – განაცხადა ტრამპმა.