გერმანიის სკოლაში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე 16 წლის მოზარდი დააკავეს
გერმანიის ზემო ბავარიის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ორი 13 წლის გოგონა მძიმედ დაშავდა, ხოლო დაკავებულია 16 წლის ეჭვმიტანილი.
პოლიციის ცნობით, შონგაუს პატარა ქალაქში, ველფენ-გიმნაზიის საშუალო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.
სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილს დანა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და როგორც ისინი ვარაუდობენ, მოზარდი მარტო მოქმედებდა.
BBC აღნიშნავს, რომ 13 წლის გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ამ დროისთვის უცნობია სხვა დაზარალებულთა რიცხვი და მდგომარეობა.
ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია და გაურკვეველია, ჰქონდა თუ არა მას კავშირი სკოლასთან, თუმცა, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახიმ ჰერმანმა, გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელს Bayerischer Rundfunk (BR)-ს განუცხადა, რომ არსებობს დაუდასტურებელი ფაქტები, რის საფუძველზეც, ეჭვმიტანილი შესაძლოა სკოლის ყოფილი მოსწავლე იყოს.