Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: დროა, სამხედრო ასაკის უკრაინელი მამაკაცები სამშობლოში დაბრუნდნენ

გერმანიაში მყოფი სამხედრო ასაკის უკრაინელი მამაკაცები სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, იტყობინება Reuters-ი.

მან აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლება მზადაა, კიევს მათ იდენტიფიცირებაში დაეხმაროს სოციალური დახმარების, რეგისტრაციის, ან ბინადრობის ნებართვების მონაცემების მეშვეობით.

„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვიცით, ვინ ცხოვრობს აქ, ვინ იღებს, მაგალითად, სოციალურ დახმარებას, ვინ არის რეგისტრირებული და ვის აქვს ბინადრობის ნებართვა“, - აღნიშნა მან.

ვადეფულმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანელი მწარმოებლებისგან მეტი იარაღი უნდა შეიძინოს. მისი თქმით, კიევის უმსხვილესი დონორის სტატუსი გერმანიას უფლებას აძლევს, რომ გერმანული თავდაცვის სექტორის საწარმოებისთვის შეკვეთებს ელოდოს.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ გერმანია რუსეთთან ომში უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„თუმცა ეს გერმანელ გადასახადის გადამხდელებსაც უნდა განვუმარტო. მინიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის იმის უზრუნველყოფა, რომ გერმანულმა თავდაცვითმა მრეწველობამ ყველა შესყიდვაში მიიღოს მონაწილეობა“, — განაცხადა მან.

„ამ ეტაპზე ჩვენ ბოლომდე კმაყოფილები არ ვართ გერმანიაში შემოსული შეკვეთების მოცულობით“, - აღნიშნა მინისტრმა.