Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ფლორიდაში მოლაპარაკებების დროს ევროპის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული მოელის, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ ფლორიდაში რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს.

ვადეფულმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ევროპის ინტერესები გათვალისწინებული უნდა იყოს.

„ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც შეგვიძლია მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მდგრადი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვისაც“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

ვადეფული არ ელის, რომ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გარღვევას გამოიწვევს.

„ვისწავლე, რომ პირადი იმედები ჩემს მოლოდინებზე არ დავაფუძნო, არამედ ფხიზლად შევაფასო სიტუაცია და გავაანალიზო რუსეთის რეაქცია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, 20-21 დეკემბერს პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი მაიამიში იქნება, სადაც ტრამპის სპეცწარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და მის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებს გამართავს.