Loading data...
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბალტიის ზღვაში სამხედრო დაპირისპირების რისკი რეალურია

ბალტიის ზღვის რეგიონი სახიფათო გეოპოლიტიკურ ცხელ წერტილად იქცევა, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა კილის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისი თქმით, ბალტიის რეგიონი არის ტერიტორია, სადაც სამხედრო შეტაკების რისკი „ძალიან რეალურია“.

„ეს არის ტერიტორია, სადაც რუსეთის ჰიბრიდული აქტივობა საფრთხეს უქმნის ჩვენს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა ვადეფულმა.

კონფერენციის დროს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მაღალი რანგის სამხედრო პირებმა და ექსპერტებმა ბალტიის ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ცვალებადი ვითარება განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“, რომელიც, ვადეფულის თქმით, მის გემებს დივერსიული საქმიანობისთვის იყენებს, მათ შორის წყალქვეშა ინტერნეტკაბელებისა და ელექტროგადამცემი ხაზების განზრახ დაზიანებისთვის.

ასევე აღინიშნა, რომ რუსული სამხედრო გემები აგრესიულად იქცევიან, ხოლო სამხედრო თვითმფრინავები ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეს არღვევენ.

„ეს ჰიბრიდული ოპერაციები და სამხედრო პროვოკაციები სახიფათოა. მათი მიზანია ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაცია და ჩვენი რეაგირების უნარის გამოცდა“, - განაცხადა გერმანელმა დიპლომატმა.

მისი თქმით, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ესმის ბალტიის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, ამიტომ შემდგომი საფრთხეების შესაკავებლად ძლიერი და მოქნილი სამხედრო წარმომადგენლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ვადეფულმა დაადასტურა, რომ გერმანიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას ნატოს ტერიტორიის ყოველი კვადრატული მეტრი.