გერმანიის პოლიციამ გამოძიება დაიწყო პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც კანცლერ მერცს „პინოქიო“ უწოდა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა გააკრიტიკა გერმანიის მთავრობა იმის გამო, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება პენსიონერის წინააღმდეგ, რომელმაც გერმანიის კანცლერს „პინოქიო“ უწოდა.
როგორც POLITICO წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ სარა როჯერსმა განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებულ ფართო შეზღუდვებს, გარკვეულ შემთხვევებში კანონის ბოროტად გამოყენებამდე მიჰყავს საქმე.
„გერმანელების უმეტესობას, ვისთანაც ვისაუბრე, არ სურთ, რომ მათი კანონები ამ გზით იყოს გამოყენებული. თუმცა, სიტყვის ბუნდოვანი, ფართო აკრძალვები ყოველთვის იწვევს ბოროტად გამოყენების შემთხვევებს და შემაკავებელ ეფექტს“, – განაცხადა როჯერსმა.
მანამდე ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიცია იძიებს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთში მდებარე ქალაქ ჰაილბრონში მცხოვრები მამაკაცის მიერ ადგილობრივი პოლიციის ფეისბუკის გვერდზე დატოვებულ კომენტართან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულ ქალაქში გერმანიის კანცლერის ვიზიტს ეხებოდა. „პინოქიო მოდის ქალაქ ჰაილბრონში“, - დაწერა სოციალურ ქსელში მამაკაცმა.
პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით. ეს მუხლი პოლიტიკური ფიგურების შეურაცხყოფისა ან ცილისწამებისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, მოგვიანებით პროკურატურაში განაცხადეს, რომ პენსიონერის წინააღმდეგ გამოძიება დახურეს, რადგან ეს შემთხვევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ხვდება.