გერმანიის მუსლიმთა ცენტრალური საბჭო ბერლინში მომხდარ თავდასხმას გმობს
გერმანიის მუსლიმთა ცენტრალური საბჭო ბერლინში მომხდარ თავდასხმას გმობს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არავინ უნდა გახდეს ძალადობის სამიზნე თავისი სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის ან წარმომავლობის გამო.
„იქ, სადაც ადამიანები თავიანთი იდენტობის ან ცხოვრების წესის გამო ძალადობის სამიზნედ იქცევიან, თავდასხმის ქვეშ ექცევა ჩვენი თანაცხოვრების საფუძვლებიც“, – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ, რომ თუ თავდამსხმელის ისლამისტური მოტივი დადასტურდება, „ეს იქნება მორიგი შემთხვევა, როდესაც ექსტრემისტული იდეოლოგია რელიგიას ბოროტი მიზნებისთვის იყენებს, რათა გაამართლოს სიძულვილი და ძალადობა და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპიროს. ჩვენი პასუხი სიძულვილსა და ძალადობაზე, უნდა იყოს ერთობლივი ბრძოლა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, უსაფრთხოების და მშვიდობიანი თანაცხოვრების დასაცავად“, – აცხადებენ საბჭოში.
ცნობისთვის, 25 ივლისს, ბერლინში ლგბტ პრაიდის მსვლელობის დროს 21 წლის აბდულ ბ. ბრანდენბურგის კარიბჭის მიმდებარე ტერიტორიაზე, თეთრი ფურგონით ხალხში შევარდა, რის შემდეგაც მან ავტომობილი დატოვა და ღონისძიების რამდენიმე მონაწილეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ხოლო 29 ადამიანი დაშავდა.
26 ივლისის საღამოს ბერლინის პოლიციამ ეჭვმიტანილი შპანდაუს რაიონში მიაგნო. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებისას მან წინააღმდეგობა გასწია, რის შემდეგაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა.
ხელისუფლების ცნობით, აბდულ ბ. ისლამისტურ წრეებთან იყო დაკავშირებული. ის მაისში გათავისუფლდა არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა დამნაშავეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, სადაც ტერორისტული თავდასხმის მომზადების ბრალდებით იმყოფებოდა.