ბერლინში მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა 1 ადამიანი, 16 დაშავდა
ბერლინში, სულ მცირე, 1 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა მას შემდეგ, რაც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პრაიდის ღონისძიებაზე ავტომობილი ხალხში შევარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ტიერგარტენის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ბერლინის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ეჭვმიტანილი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ბერლინში მოქმედ ისლამისტურ წრეებთან არის დაკავშირებული.
ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს მასშტაბური ოპერაცია, რომელშიც 2200-ზე მეტი სამართალდამცველია ჩართული, მათ შორის სხვა ფედერალური მიწებიდან ჩასული პოლიციელებიც.
Christopher Street Day ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი LGBTQ+ Pride-ის ღონისძიებაა, რომელშიც ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
ბერლინში Christopher Street Day პირველად 1979 წელს გაიმართა.