Loading data...
გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ღაზაში შემავალი დახმარება „ძალიან არასაკმარისია“

სიტუაციის მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, ღაზას სექტორში შემავალი დახმარების რაოდენობა არასაკმარისი რჩება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.

ბერლინის კრიტიკა მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის რეგიონში ორდღიან ვიზიტს და ღაზაში საკვების დასარიგებლად გერმანიის სამხედროების მიერ განხორციელებულ პირველ ოპერაციას.

ჰუმანიტარული ორგანიზაციების ცნობით, ღაზაში ორ მილიონზე მეტი პალესტინელი შიმშილის ზღვარზეა.

გერმანია „აღნიშნავს შეზღუდულ საწყის პროგრესს ღაზას სექტორის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების კუთხით, რომელიც, თუმცა, საგანგებო სიტუაციის შესამსუბუქებლად ძალიან არასაკმარისია“, - განაცხადა კორნელიუსმა.

„ისრაელი კვლავ ვალდებულია, უზრუნველყოს დახმარების სრული მიწოდება“, - დასძინა კორნელიუსმა.

გერმანიის მთავრობამ ასევე გამოთქვა „შეშფოთება იმ ცნობებთან დაკავშირებით, რომ „ჰამასი“ და კრიმინალური ორგანიზაციები დიდი რაოდენობით ჰუმანიტარულ დახმარებას აკავებენ“.

სამთავრობო წყაროს ცნობით, გერმანიის უსაფრთხოების კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე ისრაელზე ზეწოლის „სხვადასხვა ვარიანტები“ განიხილეს, თუმცა გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც წამოიჭრა, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების ნაწილობრივი შეჩერებაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში იორდანიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ეგვიპტის, გერმანიისა და საფრანგეთის თვითმფრინავებმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში საკვებით სავსე 90 ჰუმანიტარული დახმარების პაკეტი ჩაუშვეს.