Loading data...
გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა

გერმანიის ქალაქ შტუტგარტში ავტომობილი ხალხის ჯგუფს შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რამდენიმე კი - მსუბუქად. ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ავტომობილის მძღოლი არ დაშავებულა, ის დაკავებულია და დაკითხვაზე იმყოფება.

შტუტგარტის პოლიციამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნათქვამია, რომ ინციდენტი ოლგაეკის რაიონში მოხდა და ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებოდნენ.

ინციდენტში მონაწილე ავტომობილი, Mercedes G-Class luxury SUV, შემთხვევის ადგილზე, ტრამვაის გაჩერებასთან ახლოს დატოვეს. პოლიციის პრესსპიკერის თქმით, ტრამვაის გაჩერებაზე მოძრაობა შეჩერებულია. ამასთან, შტუტგარტის ცენტრში მოძრაობის მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. 

„ჩვენ ყველა მიმართულებით ვაწარმოებთ გამოძიებას“, - განაცხადა პოლიციამ.