გერმანიაში ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენელთა გაფიცვა იგეგმება
გერმანიის საზოგადოებრივი მომსახურების სფეროს პროფკავშირმა, Ver.di-მ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს გაფიცვისკენ მოუწოდა, რომელიც 2 თებერვალს უნდა გაიმართოს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
პროფკავშირში აცხადებენ, რომ გაფიცვის მიზანია დამსაქმებლებზე ზეწოლის მოხდენა მოლაპარაკების დროს, სადაც ტრანსპორტის სფეროს 100 000 თანამშრომლის საკითხი განიხილება.
Ver.di მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში შრომის პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას მოითხოვს. საუბარია კვირის განმავლობაში სამუშაო დღეების და ცვლების ხანგრძლივობის შემცირებაზე, ასევე ღამით და დასვენების დღეებში მუშაობისთვის დანამატის გაზრდაზე.
Ver.di-ს ცნობით, მოლაპარაკების დროს დამსაქმებელი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით დათმობებზე უარს ამბობს.
პროფკავშირმა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს გაფიცვისკენ გერმანიის 15 ფედერალურ რეგიონში მოუწოდა.