Loading data...
გერმანიაში სახლის ჩამონგრევის შემდეგ სამ ადამიანს ეძებენ

გერმანიის ქალაქ ჰერლიცში სამ ადამიანს ეძებენ, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შემდეგ კავშირზე არ გამოდიან. წინასწარი ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევა ბუნებრივი აირის აფეთქებამ გამოიწვია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

დაკარგულთა შორის ორი ქალი და ერთი კაცია. „ადამიანების მოძებნა აბსოლუტური პრიორიტეტია“, - განაცხადა ქალაქის ბურგომისტრმა ოქტავიან ურსუმ.

თავდაპირველად მაშველები 5 ადამიანს ეძებდნენ, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ორი მათგანი აფეთქების მომენტში სახლში არ იმყოფებოდა. მაშველები ნანგრევებს ხელით შლიან, რადგანაც არსებობს გაზის დაგროვების და განმეორებითი აფეთქებების საფრთხე. ამის გამო სამუშაოები ძალზე ნელა მიმდინარეობს.

სახლის ჩამონგრევის შემდეგ მაშველებმა ამ შენობის და მეზობლად მდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. საერთო ჯამში დროებით თავშესაფარში 54 ადამიანი გადაიყვანეს.