გერმანიაში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები მიმდინარეობს
გერმანიაში ნატოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები Steadfast Dart 26 ტარდება. წვრთნებში სხვა ქვეყნებიც არის ჩართული, მაგრამ გერმანიაში მისი ცენტრი მდებარეობს, ასევე ქვეყანა ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მანევრები ტექნიკისა და ჯარების სწრაფი გადასროლისთვის არის მიმართული. საუბარია მრავალეროვნული ძალების კოორდინირებულ მოქმედებაზე.
იტალია დღეს გერმანიაში 10 000 სამხედროს გააგზავნის, ასევე იტალიიდან გერმანიაში 2200 ერთეული ტექნიკა, მოწყობილობა და მასალა ჩაიტანეს. მათ შორისაა ათობით სატვირთო ავტომობილი, საწვავმზიდები და ჯიპები.
„ასეთი მოქმედებებით ნატო აჩვენებს, რომ შეუძლია სამხრეთიდან ჩრდილოეთით და დასავლეთიდან აღმოსავლეთით სწრაფი გადაადგილება და ეს არის ერთიანი, ეფექტიანი ალიანსი, რომელიც მოქმედებისთვის მზად არის“, - განაცხადა იტალიელმა გენერალმა ნიკოლა მანდოლეზიმ.
სამხედრო წვრთნებში იტალიის, საბერძნეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, ბულგარეთის, თურქეთის, საფრანგეთის, ბელგიის და დიდი ბრიტანეთის სამხედროები მონაწილეობენ. აშშ წვრთნებში ჩართული არ არის.
მანევრებში მონაწილეობენ სახმელეთო ძალები, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო საზღვაო ძალები, კოსმოსური და კიბერნეტიკული ქვედანაყოფები. ჩართულია 1500 სამხედრო ტექნიკა, მათ შორის 20 თვითმფრინავი და 17 საბრძოლო ხომალდი - სადესანტო გემები, ფრეგატები და წყალქვეშა ნავები.
წვრთნების ძირითადი ფაზა თებერვალში ბერგენის სამხედრო პოლიგონზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.