Loading data...
გერმანიაში დააკავეს „ჰამასის“ სავარაუდო წევრები, რომლებიც ებრაელებზე თავდასხმებს გეგმავდნენ

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სამი სავარაუდო წევრის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც ებრაულ შენობებზე თავდასხმებს გეგმავდნენ. ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.

„ჰამასის“ სავარაუდო წევრები - ლიბანური წარმოშობის 36 წლის გერმანელი, 43 წლის ლიბანში დაბადებული მამაკაცი, რომლის მოქალაქეობაც უცნობია და 44 წლის გერმანელი სირიიდან - 1-ელ ოქტომბერს ბერლინში დააკავეს.

გამომძიებლების თქმით, ეჭვმიტანილებმა, სავარაუდოდ, „ჰამასისგან“ მიიღეს მითითებები გერმანიაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ებრაულ და ისრაელის ინსტიტუტებზე თავდასხმები მოეწყოთ.

Spiegel-ის ცნობით, დაკავება იარაღის გადაცემის დროს მოხდა, რომელშიც შედიოდა Glock-ის პისტოლეტი, AK-47 ტიპის ავტომატი და რამდენიმე ასეული ვაზნა. ამჟამად სასამართლო ექსპერტიზის წარმომადგენლები არსენალს იკვლევენ.

ამავდროულად, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ლაიფციგსა და ობერჰაუზენში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში.

გერმანიის ფედერალური პროკურატურა დაკავებულებს უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის წევრობასა და სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი სერიოზული ძალადობრივი აქტების მომზადებაში ადანაშაულებს.

ახლა ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, გასცემს თუ არა მათი დაპატიმრების ორდერს.