გერმანია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განალაგებს
გერმანიის შეიარაღებული ძალები, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ინტეგრირებული თავდაცვის მხარდაჭერის ფარგლებში, თურქეთში Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს განალაგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine გერმანიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გერმანიის შეიარაღებული ძალები გეგმავენ, მხარი დაუჭირონ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე ნატოს ინტეგრირებულ საჰაერო თავდაცვას თურქეთში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ოპერატიული ჯგუფის დახმარებით, რაც 2026 წლის ივნისის ბოლოს დაიწყება“, - ნათქვამია გერმანიის მთავრობის განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ ახალი კომპლექსის განლაგება 2026 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი და იგი შედგება Patriot -ის საცეცხლე დანაყოფისა და დაახლოებით 150 გერმანელი ჯარისკაცისგან, ხუზუმის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ფრთის პირველი განყოფილებიდან.
„გერმანია სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს ნატოს ფარგლებში. ჩვენ ამას ვაკეთებთ აღმოსავლეთ ფლანგზე, უკიდურეს ჩრდილოეთში და ახლა ასევე თურქეთში, ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენი ჯარისკაცები თავიანთ ქმედებებს ძალიან მჭიდრო კოორდინაციას უწევენ თურქ და ამერიკელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს პოლონეთში გერმანული Patriot-ები ჟეშოვში ნატოს ლოგისტიკური ცენტრის დასაცავად განთავსდა.